პროფესიის არჩევის განმსაზღვრელი ფაქტორები
GeoEng

პროფესიის არჩევის განმსაზღვრელი ფაქტორები

ადამიანის ბედნიერების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი პირობა პროფესიის სწორი არჩევანია. სწორად შერჩეული პროფესია - ესაა წარმატებული ადგილი სოციუმში. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული თვითგამორკვევის პროცესი საკმაოდ რთულია, მასზე ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი.

 

გთავაზობთ 7 ძირითად ფაქტორს, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიის არჩევაში:

 

  1. მშობლებისა და ოჯახის უფროსი წევრების პოზიცია

    ძალიან ხშირად მშობლები არჩევანის სრულ თავისუფლებას აძლევენ შვილს, ამით მშობლები მოითხოვენ შვილისგან დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას და ინიციატივას. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები არ ეთანხმებიან შვილის არჩევანს და სთავაზობენ მათ ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღებას. პროფესიის სწორად არჩევას ხშირად ხელს უშლის განწყობა იმ მშობლებისაც, რომლებმაც თავის დროზე სრულად ვერ შეძლეს თავის გამოვლენა თავიანთ არჩეულ საქმიანობაში და ცდილობენ, დანაკლისი შვილებმა აანაზღაურონ. დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში შვილები ეთანხმებიან მშობლების არჩევანს იმ იმედით, რომ მშობლები მათ დახმარებას გაუწევენ ამა თუ იმ უნივერსიტეტში შესვლისას.

  2. მეგობრების პოზიცია.

    უფროსკლასელთა მეგობრული ურთიერთობები საკმაოდ მყარია და გამორიცხული არაა ურთიერთობების ზემოქმედება პროფესიის არჩევისას. პროფესიულ თვითგამორკვევაში მიკროჯგუფის პოზიცია შეიძლება გადამწყვეტიც კი გახდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტანდარტული აზროვნების მქონე პიროვნებებისათვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან სტერეოტიპებისა და მიმბაძველობისკენ. მათ, როგორც მომხმარებლებს, არ აქვთ შესაძლებლობა მტკიცედ ჩამოაყალიბონ საკუთარი ცხოვრებისეული პოზიცია.

    რა თქმა უნდა, ჯგუფის თანატოლებზე ორიენტაცია, თუ ის გონივრული და სწორი მიმართულების მიმცემია, ახალგაზრდის დადებითი თვისებაა, რადგან იგი საჭიროა საზოგადოებაში ქცევის ნორმების, თვითშეფასებისა და საკუთარი “მე“-ს ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ, ბრმად რომ არ მოექცე გავლენის ქვეშ და მიმბაძველობით არ გაიმეორო სხვისი პროფესიული არჩევანი, აუცილებელია დაკვირვება და საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინება.

  3. სკოლის პედაგოგების პოზიცია.

    მასწავლებელს, რომელიც სასწავლო პროცესში ინტენსიურად აკვირდება მოსწავლის ყოფაქცევასა და სწავლის მიმართ გამოჩენილ ინტერესს, აანალიზებს მის მისწრაფებებსა და აზროვნების მიმართულებებს, რა თქმა უნდა, შეუძლია, მოზარდს მისცეს ძალიან ფასეული რჩევა პროფესიის არჩევისას. ამასთანავე, ამ დროს გამოცდილ პედაგოგს შეუძლია მოსწავლე აარიდოს იმ დაბნეულობას, როგორიცაა სასკოლო საგნის და მასთან მონათესავე პროფესიის გაიგივება. ამ საკითხში მასწავლებლის სწორი რეკომენდაცია დაეხმარება მოსწავლეს განასხვაოს ეს ცნებები.

  4. საკუთარი პროფესიული გეგმები.

    ამ მოცემულ შემთხვევაში გეგმებში იგულისხმება პროფესიის დასაუფლებელ ეტაპებზე წარმოდგენის ქონა, რა გზა უნდა გაიაროს პროფესიის დასაუფლებლად. გეგმები ყალიბდება ადამიანის გონებისა და ხასიათის მიხედვით. თუ წარმოიშვა გართულებები, გონივრულია, მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიული გეგმების შედგენაში.

  5. ნიჭიერება

    ეს არის ადამიანის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თავისებურებების ერთობლიობა, გამომჟღავნებული შრომით ან სხვა მოღვაწეობით და წარმოადგენს წარმატების პირობას. ნიჭზეა დამოკიდებული ცოდნის დაუფლებისა და უნარ-ჩვევების შეძენის სისწრაფე, სიღმისეულობა, სიმსუბუქე და სიმყარე. მაგრამ თვითონ ნიჭიერება არაა დამოკიდებული ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე. ნიჭის განვითარება უნდა ხდებოდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. საკუთარი ნიჭის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ სწავლაში წარმატების მიხედვით, არამედ მოღვაწეობის სხვადასხვა სახეობაში მიღწევის მიხედვით. მის შესახებ ობიექტური წარმოდგენა ყალიბდება აგრეთვე თვითშეცნობის აქტივიზაციისკენ მიმართული ტესტირების სპეციალური კვლევების დახმარებით. ეს დაგეხმარება შეიცნო, თუ როგორი შესაძლებლობის ადამიანი ხარ.

  6. პროფესიის შესახებ ინფორმირება

    მნიშვნელოვანია ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანის მიერ შეძენილი ინფორმაცია ამა თუ იმ პროფესიის შესახებ იყოს სრულყოფილი და არ აღმოჩნდეს არასრული, ცალმხრივი ან დამახინჯებული .პროფესიის ერთი რომელიმე კერძო მხარით გატაცებამ შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ შეცდომებსა და იმედგაცრუებამდე. მაგალითად, ის სიმსუბუქე, რომლითაც მსახიობი ქმნის სახეს სცენაზე, მოითხოვს დაძაბულ ყოველდღიურ შრომას. ჟურნალისტები კი ყოველთვის ვერ გამოდიან ტელეგადაცემებში - უფრო ხშირად ისინი ამუშავებენ უამრავ ინფორმაციას, არქივებს, ესაუბრებიან ათობით ადამიანს, სანამ მოამზადებენ 10 წუთიან შეტყობინებას და ამასთანავე, ამ შეტყობინებას ახმოვანებს არა თავად, არამედ სხვა ადამიანი- ტელეწამყვანი. რომელიმე გარკვეული პროფესიის ზუსტად ცოდნისათვის საჭიროა გავერკვეთ რომელ კლასებად, სახეობად, ნაწილებად, ჯგუფებად იყოფა არსებული პროფესიები და მათი მოთხოვნები. ახალგაზრდას ამ უტყუარი ინფორმაციის მოპოვებაში შეიძლება დაეხმარონ მშობლები, პედაგოგები, უფრო მეტად კი ფსიქოლოგები და პროფკონსულტანტები. ისინი ატარებენ რიგ დიაგნოსტიკურ ღონისძიებებს ადამიანის პიროვნების შესასწავლად, აგრეთვე შეუძლიათ დაწვრილებით მოგვითხრონ იმ პროფესიის მოთხოვნების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულია ახალგაზრდა.

  7. მიდრეკილებები,მისწრაფებები.

    ადამიანის მიდრეკილება მჟღავნდება იმ საყვარელ საქმიანობაში, რომლებზეც იხარჯება თავისუფალი დროის დიდი ნაწილი. ეს არის გარკვეულ ნიჭზე მორგებული ინტერესები. პროფესიის ამორჩევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტემპერამენტი. მასზეა დამოკიდებული იმ სხვადასხვაგვარი ფსიქიური მდგომარეობის მოქმედება, რომელიც გამოწვეულია არასასიამოვნო ვითარებით, ემოციური ფაქტორებით. ქოლერიკული ტემპერამენტის ხალხი უფრო საჭიროა აქტიური სარისკო საქმიანობისთვის, სანგვინიკები-ორგანიზატორული საქმიანობისთვის, მელანქოლიკები- შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მეცნიერებასა და ხელოვნებაში, ფლეგმატიკოსები-კანონზომიერი აუჩქარებელი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.

    პროფესიულ თვითგამორკვევაში, აგრეთვე მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს ხასიათი და აზროვნების თვითშეფასება.

    ყოველივე ზემოთ ხსენებულის გაანალიზებით და განხილული ცნებების სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება დარწმუნებით ითქვას: იმისათვის, რომ მოზარდმა სწორად და გააზრებულად აირჩიოს ის პროფესია, რომელიც უპასუხებს საზოგადოებრივ და პირად მოთხოვნილებებს, განსაზღვროს თავისი პროფესიული პოზიცია, მას ესაჭიროება კვალიფიციური დახმარება. სახელდობრ: გონივრული ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური ჩარევა, პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა და პროფორიენტაციული სამუშაოს ყველა ეტაპის თანამიმდევრული გააზრება.