იტვირთება...
ნარკოპოლიტიკის ისტორია - როგორ დაიწყო მსოფლიომ ნარკოტიკებთან ბრძოლა
GeoEng

ნარკოპოლიტიკის ისტორია - როგორ დაიწყო მსოფლიომ ნარკოტიკებთან ბრძოლა

ნარკომანია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სოციალურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად მიიჩნევა. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო წარმოება, გავრცელება და მოხმარება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდის ჯანმრთელობაზე, არამედ სახელმწიფოთა უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ სტაბილურობასა და სოციალურ წესრიგზეც. სწორედ ამიტომ, ნარკოტიკებთან ბრძოლა დროთა განმავლობაში იქცა არა მხოლოდ ცალკეული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკის ნაწილად, არამედ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად.

 

დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა მრავალწლიანი ისტორიული პროცესის შედეგია. საერთაშორისო საზოგადოებას ნარკოტიკებთან ბრძოლის ერთიანი მიდგომა ერთ დღეში არ ჩამოუყალიბებია. პირიქით, თანამედროვე პოლიტიკამდე მსოფლიომ რთული და წინააღმდეგობრივი გზა გაიარა, კოლონიალური ეკონომიკური ინტერესებიდან დაწყებული, საერთაშორისო კონვენციებითა და თანამედროვე ჰუმანური მიდგომებით დამთავრებული.

 

ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას კაცობრიობის ისტორია უძველესი დროიდან იცნობს. ოპიუმი, კანაფი და სხვადასხვა მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სამედიცინო, ისე რელიგიური და კულტურული დანიშნულებით. მაგალითად, ოპიუმი ფართოდ გავრცელებული გახლდათ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და ჩინეთში, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. იმ ეპოქაში ნარკოტიკული საშუალებები აღიქმებოდა, უფრო წამლად და არა გლობალური საფრთხედ.

 

მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა XIX საუკუნეში, როდესაც ინდუსტრიული განვითარებისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაზრდის ფონზე ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოება და გავრცელება მასშტაბურ კომერციულ საქმიანობად გადაიქცა. განსაკუთრებით მწვავე პრობლემა გახდა ოპიუმით ვაჭრობა ჩინეთში. ბრიტანეთის იმპერია ჩინეთში დიდი რაოდენობით ოპიუმის ექსპორტს ახორციელებდა, რამაც ქვეყანაში დამოკიდებულების მასობრივი გავრცელება გამოიწვია. ოპიუმის მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ იგი უკვე არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის მიზეზად იქცა. სწორედ ზემოაღნიშნულ პროცესებს უკავშირდება ცნობილი „ოპიუმის ომები“, რომლებიც XIX საუკუნეში ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიმდინარეობდა.

 

ჩინეთის ხელისუფლება ცდილობდა ოპიუმის იმპორტის შეზღუდვას, თუმცა ეკონომიკური ინტერესების გამო ბრიტანეთი წინააღმდეგობას უწევდა. შედეგად, სამხედრო კონფლიქტებმა ნათლად აჩვენა, რომ ნარკოტიკების პრობლემა მხოლოდ მედიცინის ან მორალის საკითხი აღარ იყო, იგი საერთაშორისო პოლიტიკისა და გეოპოლიტიკური ინტერესების ნაწილად გადაიქცა.

 

XX საუკუნის დასაწყისში საერთაშორისო საზოგადოებამ პირველად გააცნობიერა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ცალკეული სახელმწიფოს ძალებით ვერ გადაიჭრებოდა. სწორედ ამიტო , 1909 წელს, შანხაიში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ოპიუმის საკითხებზე. აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპი იყო, რადგან სახელმწიფოებმა პირველად დაიწყეს ერთობლივი მსჯელობა ნარკოტიკული ნივთიერებების უკონტროლო გავრცელებისა და მისი შედეგების შესახებ.

 

შანხაის კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იაპონია. კონფერენციის მთავარი მიზანი ოპიუმის მოხმარების შემცირება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება იყო. მართალია, კონფერენციას სავალდებულო იურიდიული ძალა არ ჰქონდა, თუმცა მან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საფუძველი შექმნა მომავალი საერთაშორისო შეთანხმებებისთვის მოცემულ სფეროში.

 

საერთაშორისო ნარკოპოლიტიკის განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1912 წლის ჰააგის კონვენცია, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც პირველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი ნარკოტიკების კონტროლის სფეროში. კონვენცია ავალდებულებდა სახელმწიფოებს, შეეზღუდათ ოპიუმის, მორფინისა და კოკაინის არასამედიცინო გამოყენება და შეექმნათ კონტროლის მექანიზმები მათი წარმოებისა და გავრცელების ზედამხედველობისთვის.

 

ჰააგის კონვენციის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ მან ნარკოტიკების კონტროლი პირველად აქცია საერთაშორისო სამართლის საგნად. სახელმწიფოებმა აღიარეს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე ვერ გაკონტროლდებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ნარკოპოლიტიკის სამართლებრივი ინსტიტუციონალიზაცია.

 

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხი „ერთა ლიგის“ ფარგლებში გადავიდა. ერთა ლიგამ გააძლიერა საერთაშორისო ზედამხედველობის მექანიზმები და შეიმუშავა დამატებითი შეთანხმებები, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოებისა და ექსპორტის კონტროლს ითვალისწინებდა. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფარმაცევტული ინდუსტრიის რეგულირებას, რადგან სინთეზური ნარკოტიკების წარმოება თანდათან იზრდებოდა.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო ნარკოპოლიტიკის მთავარი კოორდინატორი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. სწორედ გაეროს ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ნარკოპოლიტიკის ძირითადი სამართლებრივი საფუძვლები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო 1961 წლის ერთიანი კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომელმაც გააერთიანა მანამდე არსებული სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმება.

 

1961 წლის კონვენციის მთავარი მიზანი იყო ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების შეზღუდვა მხოლოდ სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისთვის. კონვენციამ ასევე შექმნა საერთაშორისო კონტროლის სისტემა, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებდა, ეწარმოებინათ ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარების აღრიცხვა. აღნიშნულმა დოკუმენტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობების ფორმირებაზეც.

 

მოგვიანებით, 1971 წელს მიღებულმა კონვენციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოაქცია ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ამფეტამინები და ჰალუცინოგენები. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ტექნოლოგიური და ფარმაცევტული განვითარების ფონზე საერთაშორისო ბაზარზე ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალებები გამოჩნდა.

 

საერთაშორისო ნარკოპოლიტიკის წარმოების მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1988 წლის კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ. აღნიშნული დოკუმენტი განსაკუთრებით მკაცრ ზომებს ითვალისწინებდა ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ. სახელმწიფოებს დაევალათ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გაძლიერება, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაზრდა.

 

დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ მხოლოდ რეპრესიული პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე ნარკომანიის პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებდა. რიგ ქვეყნებში მკაცრმა სისხლისსამართლებრივმა მიდგომებმა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები (ციხეები) გადატვირთა, სოციალური სტიგმა და მომხმარებელთა მარგინალიზაცია გამოიწვია. მოცემულმა გარემოებამ საერთაშორისო საზოგადოებაში ახალი დისკუსია წარმოშვა, რამდენად ეფექტურია მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა?

 

XXI საუკუნეში ნარკოპოლიტიკის მიმართ მიდგომები ნაწილობრივ შეიცვალა. თანამედროვე პოლიტიკა სულ უფრო მეტად ეფუძნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პრინციპებს. აქცენტი კეთდება პრევენციაზე, განათლებაზე, რეაბილიტაციასა და ზიანის შემცირების პოლიტიკაზე. მაგალითად, არაერთ ქვეყანაში განვითარდა ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, ფსიქოსოციალური დახმარების სერვისები და მომხმარებელთა რეაბილიტაციის მექანიზმები.

 

თანამედროვე დისკუსიებში ნარკოპოლიტიკის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებების დაცვასაც. საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ნარკოდამოკიდებული პირები მხოლოდ სამართალდამრღვევებად არ უნდა განიხილებოდნენ. ისინი ხშირად საჭიროებენ სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ნარკოპოლიტიკა ცდილობს ბალანსის დაცვას უსაფრთხოებასა და ჰუმანურ მიდგომებს შორის.

 

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის განსხვავებულ მოდელს იყენებს. ზოგი ქვეყანა მკაცრ აკრძალვებს ინარჩუნებს, ზოგი კი ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციასა და ლიბერალურ პოლიტიკას მიმართავს. ამის მაგალითია პორტუგალია, რომელმაც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა რეაბილიტაციასა და პრევენციაზე. აღნიშნულმა მოდელმა საერთაშორისო დონეზეც დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

ნარკოპოლიტიკის ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ეს საკითხი მხოლოდ სამართლებრივი პრობლემა არ არის, იგი ერთდროულად უკავშირდება ეკონომიკას, პოლიტიკას, მედიცინას, ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სახელმწიფოები ცდილობენ ისეთი პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც არა მხოლოდ აკრძალვებზე, არამედ სოციალური შედეგების მართვაზეც იქნება ორიენტირებული.

 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიომ ნარკოტიკებთან ბრძოლა ეტაპობრივად, მრავალწლიანი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით დაიწყო. შანხაის კონფერენციიდან დაწყებული და გაეროს თანამედროვე კონვენციებით გაგრძელებული პროცესი ადასტურებს, რომ ნარკომანია გლობალური გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც მხოლოდ სამართლებრივი აკრძალვებით ვერ იქნება ეფექტიანი. თანამედროვე ნარკოპოლიტიკა სულ უფრო მეტად ცდილობს კომპლექსური და ჰუმანური მიდგომების დამკვიდრებას, რაც მომავალშიც საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დარჩება.