ანა აბესაძე განათლების საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ანა აბესაძე განათლების საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე, განათლების საერთაშორისო ჯილდოს, GESS Education Award-ის, მფლობელი გახდა.

 

ანამ „განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ჟიურიმ ის 60 ქვეყნის 900-ზე მეტ მონაწილეს შორის გამოარჩია.

 

GESS Education Award წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან ჯილდოს განათლების სფეროში, რომლის გალასაღამო ყოველწლიურად, 31 ოქტომბერს, იმართება დუბაიში. საერთაშორისო ჯილდოს მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს განათლების ინდუსტრიის ლიდერი ინდივიდები, ინსტიტუტები და საგანმანათლებლო პროდუქტები.

 

GESS Education-ის გალასაღამოს ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში ანა აბესაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა წამყვან ინსტიტუტებთან მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. რექტორის მრჩეველი, ასევე, დაესწრო GESS დუბაის კონფერენციასა და გამოფენას მსოფლიო სავაჭრო ცენტრში, სადაც წარმოდგენილი იყო 8000-ზე მეტი განათლების ექსპერტი 94 ქვეყნიდან.

 

დუბაიში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სინგაპურში დაფუძნებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო სოციალურ საწარმო „Global Citizen Education Group”-თან და სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა ბრიტანულ საგანმანათლებლო კომპანია „Britannica Education-თან. ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა გულისხმობს კოლაბორაციას შემდეგი მიმართულებით: ონლაინ ბიბლიოთეკის პროგრამისა და კურიკულუმის განვითარება, ვირტუალური მენტორობის პროგრამის შემუშავება, საველე მოგზაურობების ორგანიზება, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი პროგრამებისა და სხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება და სხვ.

 

რექტორის მრჩეველმა აღნიშნული ჯილდოს შესახებ განაცხადა: „მადლობელი ვარ, რადგან ვერ მივაღწევდი ამ აღიარებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი მამუკა თავხელიძისა და ჩემი ერთგული კოლეგების მხარდაჭერის გარეშე. ეს როგორც ინდივიდუალური, ისე უნივერსიტეტის საქმიანობის დადებითი გავლენის საერთაშორისო აღიარებაა ჩვენი სტუდენტების განათლებისა და მომავალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნულმა ჯილდომ, ამასთანავ,ე უფრო დიდი პასუხისმგებლობა შემმატა, რათა ფეხი ავუწყოთ განათლების სფეროს საერთაშორისო ტენდენციებს და შევქმნათ გარემო, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება თანამედროვე, გლობალურ გამოწვევებს და ჩვენს კურსდამთავრებულებს აღჭურავს საუკეთესო ცოდნითა და უნარებით.“

 

ვულოცავთ ანას ამ მეტად მნიშვნელოვან აღიარებას და კვლავაც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ!