გრუნის სტუდენტები-მენტორობის პროგრამის მონაწილეები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები-მენტორობის პროგრამის მონაწილეები


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თბილისისა და ბათუმის წარმომადგებლობის სტუდენტები უკვე მეხუთედ ჩაერთვნენ მენტორობის პროგრამაში, რომელიც 2023 წლის 26 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა.

 

სტუდენტთა მენტორობის პროგრამა ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს ასოციაციის წევრის, „მენტორის “, მიერ, მისივე სპეციალობის ერთი ან რამდენიმე სტუდენტისთვის, კონკრეტული სფეროს შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, რჩევების მიცემასა და კონსულტაციის გაწევას, რაც დაეხმარება სტუდენტს მიიღოს პრაქტიკული ინფორმაცია სფეროში უკვე დამკვიდრებული სპეციალისტისგან და უკეთ მოემზადოს მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის.

 

მენტორობის პროგრამის მეხუთე ნაკადისთვის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან შეირჩნენ საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ასევე, სამართლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები: ნინო ფუტკარაძე, ქრისტინე დუმბაძე, გიორგი ათაბეგაშვილი, ზაზა ბოლქვაძე და ნინო ანანიძე.

 

პროგრამის გახსნის ცერემონია, რომელიც ჰიბრიდულად ჩატარდა, ესწრებოდნენ: პროექტის მონაწილე სტუდენტები, მენტორები, ასოციაციის საბჭოს წევრები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, გრუნის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე. რექტორის მრჩეველმა ორგანიზატორებს, მენტორებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა, ისაუბრა ამგვარი თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ და წარმატება უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.

 

სტუდენტთა მენტორობის მე-5 ნაკადი ხორციელდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო, გორის სახელმწიფო და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტების მონაწილეობით.