ეპაგის პროგრამის - „დემოკრატიის საყრდენი“, მონაწილეები გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ეპაგის პროგრამის - „დემოკრატიის საყრდენი“, მონაწილეები გრუნიში


2023 წლის 28 ივნისს გრუნის კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ უმასპინძლა აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) პროგრამის - „დემოკრატიის საყრდენი“, მონაწილე სტუდენტებს.

 

ეპაგმა პროგრამისათვის შეარჩა 25 სტუდენტი, მათ შორის, გრუნიდან: ლევან კოხრეიძე, ნიკოლოზ ნაჭყებია, ანრი ღორჯომელაძე, მარიამ კაპანაძე და გიორგი ათაბეგაშვილი.

 

პროგრამის მიზანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, დემოკრატიის, სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპებისა და ადამიანის უფლებების შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება, რაც მათ დაეხმარება აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და კარიერულ განვითარებაში.

 

პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი და მათ მიეცემათ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის უნიკალური შანსი.

 

სტუდენტები, ასევე, გადამზადდებიან თანასწორ-განმანათლებლებად და საქართველოს მასშტაბით მდებარე ამერიკულ სივრცეებში, EPAG-ის წევრებთან ერთად, ჩაატარებენ პრეზენტაციებს ადამიანის უფლებების, სამოქალაქო განათლებისა და პოზიტიური მოქალაქეობის შესახებ. სტუდენტთა მოსამზადებელ ტრენინგებს გაუძღვებიან სამართლის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.

 

პროგრამა ითვალისწინებდა სტუმრობას გრუნის კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში. ვიზიტის ფარგლებში, ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გია დეკანოზიშვილმა მონაწილეებს დაათვალიერებინა სასწავლო გარემო და ჩაატარა ლექცია კრიმინალისტიკის, როგორც მეცნიერების, შესახებ. ისაუბრა კრიმინალისტიკის ტექნიკის, საგამოძიებო ტაქტიკისა და დანაშაულის გამოძების მეთოდიკის თაობაზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი, მერი ლომია; სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე, ქეთევან გაბრიჭიძე; რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე, რომელიც, ასევე, გახლავთ ეპაგის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ასოციაციის ბორდის წევრი და პროგრამის ასისტენტი, მარიამ ონიანი. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს პროგრამაში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

 

პროგრამის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, რომელსაც 2023 წლის 13 ივლისს კვლავ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უმასპინძლებს.