ბავშვის სერვისების კოორდინაციის გაძლიერება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბავშვის სერვისების კოორდინაციის გაძლიერება


2023 წლის 20 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია ბავშვის სერვისების კოორდინაციის საკითხების გარშემო. ღონისძიება ერთობლივად მოამზადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ DDA და გრუნიმ.

 

დისკუსია მიზნად ისახავდა ბავშვთა სერვისების გაძლიერების საპილოტე პროექტის იმპლემენტაციის საკითხის განხილვას, კერძოდ, ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საპილოტე რეჟიმში მიღწეული კონკრეტული შედეგების წარმოჩენას და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობას.

 

საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო ტატულაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ღასან ხალილი, ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი სოფიო კილაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი -მერი მაღლაფერიძე, ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიკიკო ოტანი (ონლაინფორმატით).

 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ, ასევე, ბათუმის წარმომადგენლობის პერსონალი და სტუდენტები (ონლაინფორმატით), მუნიციპალიტეტების ბავშვის უფლებათა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები, თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები და სკოლის დირექტორები.

 შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში კოორდინაციის როლისა და მნიშვნელობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, ხელმისაწვდომს გახდის მაღალი ხარისხის სერვისებს ყველა ბავშვისა და ოჯახისთვის ადგილებზე.

 

„საუნივერსიტეტო სივრცეში ამ საკითხების განხილვა არის ბავშვის უფლებათა კოდექსის პრაქტიკაში რეალიზების საუკეთესო საშუალება“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო ტატულაშვილმა.

 

„დღევანდელი წარმომადგენლობითი შეხვედრა და ამ საკითხების განხილვაში ყველა იმ უწყების მონაწილეობა, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან ბავშვთა უფლებების დაცვასთან, იმთავითვე მის დადებით შედეგს განაპირობებს. რაც შეეხება უნივერსიტეტს, გრუნის ბავშვის უფლებათა დაცვის ცენტრს აქვს არა მხოლოდ ყოფითი და გამოყენებითი, არამედ მეცნიერული დატვირთვაც, პრაქტიკულად აქ იქმნება სამეცნიერო ნაშრომები, გამოიცა ორი ფუნდამენტური გამოკვლევა, გამოიცა ბავშვის უფლებათა კოდექსის კომენტარები, რომელიც ჩვენი აკადემიური პერსონალის - სოფიო კილაძის, უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა“ - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.

 

„უნივერსიტეტის მისია არის არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღება, მან, ასევე, ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდას, რომელიც უნდა დაიწყოს სკოლამ და გააგრძელოს უნივერსიტეტმა. სკოლისა და უნივერსიტეტის ამგვარი თანამშრომლობა არის ამ პროცესის უმთავრესი ფაქტორი. მიხარია, რომ ამ უნივერსიტეტს ყოველთვის ესმოდა და დღესაც ესმის ასეთი აქტივობების მნიშვნელობა“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.

 

დისკუსიის ბოლოს ბავშვის უფლებების კომიტეტის წევრმა სოფიო კილაძემ წარმადგინა ბავშვის სერვისების გაძლიერების საპილოტე პროექტის შესრულების შედეგები, ისაუბრა კოდექსის მონიტორინგის, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის, სხვადასხვა ცენტრალური და ადგილობრივი უწყების მიერ განხორციელებული აქტივობის, კოორდინაციის პროცესის, ჯერ კიდევ არსებული გამოწვევისა და სამომავლო პერსპექტივის შესახებ.

 

დასასრულს მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა გამოეხატათ თავიანთი აზრი და დაესვათ კითხვები პროექტთან დაკავშირებით.