გრუნიში გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე აღინიშნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიში გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე აღინიშნა


28 ოქტომბერს გრუნიში საზეიმოდ აღინიშნა გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე. ტრადიციისამებრ, სტუდენტებმა დილით ყვავილებით შეამკეს დიდი მწერლისა და მოაზროვნის ბიუსტი, შემდეგ კი ეწვივნენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს და ანდერძის თანახმად, პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

 

წლევანდელი წელი სხვამხრივაც გამორჩეულია უნივერსიტეტისათვის, წელს ის დაარსების 30 და პირველ კურსდამთავრებულთა 25 წლისთავს აღნიშნავს, ამიტომ საზეიმო ცერემონიას ის ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც უნივერსიტეტის სათავეებთან იდგნენ და მის წარმატებას ქმნიდნენ.

 

გრიგოლ რობაქიძის ბიუსტთან შეკრებილებმა გაიხსენეს 26 წლის წინ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გადაწყვეტილება „ალმა მატერისათვის“ ეწოდებინათ გრიგოლ რობაქიძის სახელი, როგორც თავისუფალი აზრისა და პროგრესის სიმბოლო და კიდევ ერთხელ მოისმინეს გრიგოლ რობაქიძის მეტად ამაღელვებელი მიმართვა ახალგაზრდებისადმი!

 

საზეიმო ცერემონიის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ განათლებასა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის გრიგოლ რობაქიძის საიუბილეო მედლით - „ალმა მატერის რჩეული“, დააჯილდოვა ღვაწლმოსილი თანამშრომლები: იზოლდა (დოდო) ადეიშვილი, მზია გოშაძე, გულნარა გურაშვილი, ეკა ბატიაშვილი, ნანა ყუბანეიშვილი, ზაირა მესხი, მაია გოგიაშვილი, მანანა რუსიეშვილი, ტრევორ კარტლიჯი.

 

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს წლების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და იმ უშუალო, მეგობრული დამოკიდებულებისათვის, რომელიც ქმნის გრუნის წარმატების ისტორიას და ყოველთვის გამოარჩევს მას სხვათა შორის!