კლინიკის მენეჯერთა გადამზადების 5 წელი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კლინიკის მენეჯერთა გადამზადების 5 წელი


სამედიცინო საზოგადოებრიობის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გრუნის მედიცინის სკოლის ბაზაზე მომზადებული და დღემდე მოქმედი სასწავლო პროგრამა სტაციონარული დაწესებულებების მუშაობის ადმინისტრირება, რომელსაც 5 წელია წარმატებით უძღვება პროფესორი ოთარ გერზმავა. პროგრამა დამტკიცებულია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს (2021 წელს პროგრამამ ხელმეორედ წარმატებით მიიღო ფუნქციონირების უფლება).

 

პროგრამის განხორციელების საწყის ეტაპებზე მისი მსმენელები იყვნენ მოქმედი სტაციონარების ხელმძღვანელები და კლინიკური მენეჯერები, რომელთა თანამდებობაზე დამტკიცება ითვალისწინებს სასწავლო კურსის სტაციონარული დაწესებულებების მუშაობის ადმინისტრირება - აუცილებელ გავლას. მოგვიანებით მსურველთა რიცხვი გაიზარდა და მათ შეემატნენ სხვა ხელმძღვანელი თანამდებობების პირი ექიმებიც.

 

პროგრამის ფარგლებში განხილული საკითხები შერჩეულია ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკისა და ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების გათვალისწინებით.

 

პროგრამა ხორციელდება წელიწადში 4 ნაკადად 8 კვირის ხანგრძლივობით და ითვალისწინებს 150 სალექციო და სემინარული მეცადინეობების ჩატარებას, სასწავლო პროექტის მომზადებასა და დაცვას.

 

პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ისე ცნობილი სპეციალისტები, მათ შორის: საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის მერიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებელი მუშაკები.

 

პროგრამა ხორციელდება როგორც უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, ისე უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ბაზაზე.

 

განვლილი დროის განმავლობაში სასწავლო პროგრამა წარმატებით დაასრულა ჯანდაცვის სისტემის 400-ზე მეტმა ხელმძღვანელმა მუშაკმა.

 

ნიშანდობლივია, რომ პანდემიის მიუხედავად, მხოლოდ 2020-2022 წლებში სასწავლო კურსი მოისმინა 200-ზე მეტმა ექიმმა და კლინიკის მენეჯერმა.