სტუდენტური კონფერენცია პრესის თავისუფლებას მიეძღვნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კონფერენცია პრესის თავისუფლებას მიეძღვნა


სამეცნიერო კონფერენციის მნიშვნელოვნება განუზომლად დიდია სტუდენტების პროფესიული ზრდა-განვითარებისათვის. ამ თვალსაზრისით ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საგანამანათლებლო პროგრამის სტუდენტები ყოველთვის გამოირჩევიან.

 

ამჯერად, 2022 წლის 14 მაისს, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტთა ინიციატივით გამართული სამეცნიერო კონფერენცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონფერენციის მუშაობაში უნივერსიტეტ „ალტეს“ სტუდენტები და მეგობარი მოსწავლეები - გიორგი მორჩილაძე და თამარ აქუბარდიაც მონაწილეობდნენ.

 

კონფერენციის დასაწყისშივე აღინიშნა, რომ 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ მიღებული „ვინდჰუკის დეკლარაცია“, როგორც მოწოდება პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის მისაღწევად, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების შესაქმნელად. მედიის როლი განსაკუთრებით აქტუალურია დემოკრატიის გზაზე მდგარ საქართველოში. ამიტომაც წლევანდელი კონფერენცია ამ საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.

 

ევროპული მედიის თვითრეგულირება პრესის საბჭოს საშუალებით, თანამედროვე მედიის გამოწვევები, ილია - პრესის თეორეტიკოსი, იური როსტი და საქართველო, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ცრუ ნიუსები, პირველი ქართული გაზეთი, სხვა ნოე ჟორდანია, ერთი უკრაინელი ქალის პოლიტიკური პორტრეტი, პროფ. გიორგი ფხაკაძის ვიდეორგოლები სოციალურ მედიაში, პირველი ლედის პოლიტიკური იმიჯი - ასეთი იყო კონფერენციის თემატიკა.

 

სტუდენტებს ხელმძღვანელობდნენ: პროფესორი დიანა ტყებუჩავა; გრუნის ამერიკისა და ბრიტანეთის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია ნადარეიშვილი; მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - თათია პაჭკორია და ასოცირებული პროფესორი - მერი ლომია.

 

კონფერენციის დასასრულს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორ-მასწავლებლებმა შეაჯამეს სტუდენტთა ნამუშევრები, თავიანთი მოსაზრებები და რჩევები გაუზიარეს ახალგაზრდებს.

 

კონფერენცია უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველი მეტად ემოციური ვიდეორგოლით დასრულდა.