„ბავშვის უფლებები-ისტორიული ევოლუცია“ - გრუნის ახალი გამოცემა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„ბავშვის უფლებები-ისტორიული ევოლუცია“ - გრუნის ახალი გამოცემა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ქართულ ენაზე გამოსცა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, დოქტორ ღასან ხალილის ნაშრომი - „ბავშვის უფლებები-ისტორიული ევოლუცია“.

 

2022 წლის 21 თებერვალს გაიმართა წიგნის ოფიციალური წარდგენა.

 

„ამ ნაშრომით ქართული საზოგადოება გაიცნობს დოქტორ ღასან ხალილს, როგორც მეცნიერს, ბავშვის უფლებების მკვლევარს, რომელმაც ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ მიმართულებით არსებული რეალობისა და პრობლემების წარმოსაჩენად...“ - ამ სიტყვებით მიმართა წიგნის პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს სოფო კილაძემ - გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრმა.

 

წიგნში ბავშვის უფლებები განხილულია ისტორიულ კონტექსტში, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების მოძრაობის უფრო სიღრმისეულ გაგებას და აფართოებს ამ უფლებების დამცველების შესაძლებლობებს, როგორც ინდივიდების, ისე ორგანიზაციების სახით.

 

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ: საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციისა და უწყების, სასამართლო ხელისუფლების, ასევე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ.

სიტყვით გამომსვლელებმა: მამუკა თავხელიძემ - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა; როლანდ კოპალიანმა- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ სარჯველაძემ- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა- აგრარულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარემ, ნინო წერეთელმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მამული ბუჭუხიშვილმა - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა - აღნიშნეს, რომ ეს ნაშრომი მნიშვნელოვანი შენაძენია არა მარტო ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისათვის, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც, როგორც სახელმძღვანელო. მისასალმებელია რომ მისი გამოცემა უკავშირდება ორი - სახელმწიფო და კერძო, უმაღლესი სასწავლებლის ნაყოფიერ თანამშრომლობას.

 

დოქტორმა ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მისი ნაშრომის ასეთი შეფასების გამო, განსაკუთრებული მადლიერება კი გამოთქვა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტების ხელმძღვანელების მისამართით.

 

შეხვედრის დასასრულს ავტორმა წიგნები ავტოგრაფით გადასცა მოწვეულ სტუმრებს.