ბავშვთა უფლებები და მათი დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები
GeoEng

ბავშვთა უფლებები და მათი დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღიარებულ პრინციპს, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება, იმის გათვალისიწინებით, რომ „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას”.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია ემყარება მიდგომას, რომლის თანახმადაც, ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრისა უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით. შესაბამისად, აღიარებულია, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მომზადებული იყოს საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებულ იდეალებზე, განსაკუთრებით მშვიდობის, ღირსების, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით.

 

კონვენცია ემყარება ოთხ ძირითად პრინციპს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ კონვენციის ეროვნულ დონეზე რეალურად განხორციელებისათვის. კერძოდ, კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე.

 

სიცოცხლე – ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და გადარჩენის უფლება, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლება;

 

განვითარება - ბავშვებს აქვთ განათლების, ინდივიდუალობის განვითარების, გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის უფლება.

 

დაცვა - ბავშვებს აქვთ უფლება დაცულნი იყვნენ ნებისმიერი სახის შეზღუდვებისა და ექსპლუატაციისაგან, ომისა და გაჭირვებისაგან.

 

მონაწილეობა - ბავშვებს აქვთ უფლება გააჩნდეთ საკუთარი აზრი, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებანი და მიიღონ სასურველი ინფორმაცია.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში 1989 წელს მიღებული უნივერსალური დოკუმენტი ბავშვის უფლებათა კონვენციის სახით, რომელმაც ბავშვის უფლებების კატალოგი შექმნა და მას ნორმატიული ფორმა შესძინა, ძლიერი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტია უფლებების დასაცავად.

 

ბავშვის უფლებების კონვენციამ და მისმა შინაარსმა ნათელი გახადა, რომ ბავშვი უფლებათა სუბიექტია და შედეგად, ამ უფლებათა დაცვის მოთხოვნა შეუძლია.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირების შემდეგ (1994წ.) საქართველოს კანონმდებლობაში ბავშვთა/არასრულწლოვანთა უფლებების დასაცავად განხორციელებული არაერთი ცვლილების მიუხედავად, ბავშვთა უფლებების შესახებ დამოუკიდებელი, სპეციალური ეროვნული კანონმდებლობის შექმნა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეროვნული სამართალწარმოების პრაქტიკის შემდგომი განვითარებისათვის.

 

ბავშვებისა და ბავშვის უფლებების, როგორც ზოგადად ადამიანის უფლებების სამართლებრივ ფარგლებში ჩვენი კანონმდებლობით დაცულობის მიუხედავად, სახელმწიფომ ბოლო პერიოდში ბავშვის უფლებებზე სპეციალური საკანონმდებლო ბაზა შექმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა (2015წ.) და ბავშვის უფლებათა (2019წ.) კოდექსების სახით.

 

საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის განხორციელების კვალდაკვალ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა (2015 წლის 12 ივნისი) სამწლიანი სასამართლო პრაქტიკით, გამოკვეთა ბავშვის უფლებების კონვენციის განხორციელებაში მართლმსაჯულების მონაწილეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

 

2016 წლის პირველი იანვრიდან, ეროვნული მართლმსაჯულების პრაქტიკამ, ბავშვის უფლებების კონვენციის განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები წარმოაჩინა, არა მხოლოდ არასრულწლოვანთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებით, არამედ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მართლმსაჯულებაში, ბავშვის უფლებების პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფით.

 

ეროვნული კანონმდებლობა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახით, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ბავშვის უფლებების დასაცავად ბავშვის საუკეთესო ინტერსებზე დაფუძნებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებას უწყობს ხელს.

 

ეროვნული სასამართლო სისტემა, რომელიც ბავშვთა უფლებებით სარგებლობის ხელშემწყობია, სხვა სახელმწიფო და დამოუკიდებელ მექანიზმებთან ერთად (სახალხო დამცველის სამსახური, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ა.შ.) ბავშვის უფლებების განხორციელებასა და დაცვაში უმნიშვნელოვანეს როლს ახორციელებს, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად.

 

საქართველოს პარლამენტი, როგორც ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების (მუხ.8-ე პირ. ნაწ.) განმსაზღვრელი, ვალდებულია ქვეყანაში გააკონტროლოს ბავშვის უფლებათა რეალიზაციისა და დაცვის მიმართულებები.

 

იმის გათვალისწინებით, რომ “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომ შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების შექმნით, უზრუნველყოფენ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მიზნების მიღწევას, ჩვენმა ქვეყანამ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების რეალიზაციისათვის უზრუნველყო საქართველოს კანონის “ბავშვის კოდექსის” მიღება, რომელიც გასული წლის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. კოდექსის მიზანია „ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით”.

 

კოდექსის თანახმად, ამ მიზნის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის:

  • ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას;
  • ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მისი ღირსების დაცვას, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზებასა და დაცვას ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე;
  • ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფას, მის საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადებას, ბავშვის მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით, განსაკუთრებით − მშვიდობის, ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით აღზრდას;
  • ბავშვის სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების პატივისცემაზე ორიენტირებას;
  • ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, განსაკუთრებით − ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოცვის, დაცვასა და მხარდაჭერას;
  • ბავშვის შრომასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, როგორც საზოგადოების განვითარების აუცილებელ წინაპირობაზე, ორიენტირებას;
  • ბავშვის მოხალისეობაზე, როგორც სამოქალაქო აქტივობისა და სოლიდარული საზოგადოების განვითარების აუცილებელ ელემენტზე, ორიენტირებას.

 

თუმცა, მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის შექმნის გარდა, იმისათვის, რომ ამ კანონმა რეალურად გადაჭრას ზემოთ აღნიშნული პრობლემები, აუცილებელია აღსრულების კონკრეტული მექანიზმებიც რაც გათვალისწინებულია კანონში და მის სრულფასოვან იმპლემენტაციას უზრუნველყოფს, მათ შორისაა.

  • კონკრეტული, კრიტერიუმებზე დაფუძნებული პროგრამები, მათი დამტკიცებისა და ამოქმედების ვალდებულები.
  • საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სპეციალური საბჭოს შექმნა;
  • კოდექსის საიმპლემენტაციო გეგმის შექმნა და დამტკიცება,
  • სახალხო დამცველის როლის გაძლიერება.
  • იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილებების გაფართოება.
  • სასამართლოს გაძლიერება, რომელიც იქნება თითოეული ბავშვის უფლების დაცვის ეფექტიანი კონკრეტული მექანიზმი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოდექსი არის სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა და საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტებმა და ფიზიკური პირებმა ბავშვებთან და ბავშვთა საკითხებზე საქმიანობის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 

კოდექსის პირველი წიგნის მეორე თავი (4-23 მუხლები) განსაზღვრავს ბავშვის უფლებებს და მათი დაცვის სამართლებრივ გარანტიებს. კოდექსი აღიარებს ბავშვის შემდეგ უფლებებს: ბავშვის ღირსებას, სიცოცხლის და განვითარების უფლებას, უთანასწორო მოპყრობის აკრძალვას, ბავშვის უფლებას მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე, ბავშვის პირადი ცხოვრების უფლებას, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებს, ბავშვის უფლებას მასმედიის საშუალებებით ინფორმაციის მიღებაზე, რელიგიის და სინდისის თავისუფლებაზე, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე, ბავშვის უფლებას თამაშსა და დასვენებაზე, ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ბავშვის ინტელექტუალური შემოქმედების უფლებას, ბავშვის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების შემუშავებაში.

 

კოდექსში მოცემული ეს უფლებები არ არის ამომწურავი და კანონი არ უარყოფს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა კანონმდებლობით განსაზღვრულ ბავშვის სხვა უფლებებს. ბავშვის კოდექსის ამ თავში ცალე არის გამოყოფილი ბავშვის უფლება მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რაც უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, თითოეულ ბავშვთან მიმართებით ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. კოდექსით დადგენილი ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინება სავალდებულოა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულებების და იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ბავშვის ამ თავით დადგენილი უფლებები არ არის შეუზღუდავი. უფლების დამდგენი ცალკეული ნორმები არ შეიცავს მისი შეზღუდვის საფუძვლებს იმის გათვალისწინებით, რომ ეს უფლებები ექვემდებარება კონსტიტუციით განსაზღვრულ შეზღუდვებს.

 

კოდექსის საფუძველზე:

  • ერთმანეთისგან გაიმიჯნა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციები ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში;
  • გაიზარდა სახალხო დამცველის საზედამხედველო როლი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით;
  • შეიქმნა მონაცემთა შეგროვების და ანალიზის ეროვნული გეგმა და ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმი;
  • განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულება - შეიმუშაონ ბავშვის სოციალური აქტივობის განვითარების, სოციალური ინტეგრაციის, მოხალისეობის ხელშემწყობი, აღმზრდელობითი, ჯანმრთელობის მხარდაჭერის, ოჯახში მხარდაჭერის პროგრამები;
  • შეიქმნა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა, რაც გულისხმობს უფასო იურიდიულ დახმარებას, ბავშვთან მუშაობისთვის სპეციალიზებული პირების მომზადებას;
  • დაწესდა დამატებითი სანქციები ბავშვის საჯარო სივრცეში ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში;
  • ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების და ოჯახის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების პროცესში შესაძლებელია რელიგიური კონფესიების ჩართვა.

 

და ბოლოს: ერთია კანონი, სახელმწიფო მაგრამ თუ მშობლებმა არ იზრუნეს თავისივე შვილ(ებ)ის უფლებების დაცვაზე, თუ სოციუმმა თავად არ შეუწყო ხელი კანონის შესაბამის ნორმებში იცხოვროს ბავშვებმა და არ დაირღვეს მათი უფლებები - პრობლემა უსათუოდ დიდი იქნება.

 

კანონის იმპლემენტაციისათვის ტარდება რიგი ღონისძიებები, თუმცა ტემპი არ უნდა დავარდეს. კანონის მიზნების მისაღწევად აუცილებელია ადეკვატური ძალისხმევა სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდანაც. ამასთან, მნიშვნელოვანია სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება ამ პროცესში კი მთავრობასა და საზოგადოებას უაღესად დიდი როლი ენიჭება.