ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები
GeoEng

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები

ინტერვიუ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან საერთაშორისო კრებულის - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები - გამოცემასთან დაკავშირებით.

 

ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტმა გიორგი ცერცვაძემ.

 

გამოიცა ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა ერთობლივი სამეცნიერო კრებული: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები, როგორ აფასებთ ამ კრებულის გამოცემას?

კრებული გამოსცა ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტმა (გერმანია). აქ თავმოყრილია გერმანელ და ქართველ მეცნიერთა ნაშრომები ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური საკითხების შესახებ, რომლებიც, ლექციის სახით, წარდგენილ იქნა საზაფხულო სკოლის ფარგლებში. ეს სკოლა ერთობლივად იქნა ორგანიზებული თქვენს მიერ აღნიშნული დაწესებულბების მიერ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსში.

დარწმუნებული ვარ, აღნიშნული მასალა დიდ სამსახურს გაუწევს არა მარტო სტუდენტებს, ახალი ცოდნის ფორმირების პროცესში, არამედ პროფესორ-მასწავლებლებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სტუდენტური აუდიტორიისათვის გადასაცემი ცოდნის გამრავალფეროვნებისა თუ გაფართოებისათვის. ზოგადად კი, კრებულში წარმოდგენილია მასალა, რომელიც დაეხმარება ყველას, უფლებადაცვით ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ პრობლემატიკით.

 

ძირითადად, რა თემებია წარმოდგენილი კრებულში?

ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა, პირადი ცხოვრებისა და მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტები, ეროვნულ - სამართლებრივ სისტემებში ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემები, ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობა, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც, ვიმეორებ, უნიკალურ ბაზისს ქმნიან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული პრაქტიკისა და პრობლემების შესახებ ახალი ცოდნის მისაღებად.

 

როდის ჩატარდა ეს საზაფხულო სკოლა და თუ იგეგმება მომავალში ანალოგიური ღონისძიებები?

საზაფხულო სკოლა 2019 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსში გაიმართა და მის მუშაობაში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ვურცბურგისა და იენას უნივერსიტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

 

უნდა ითქვას, რომ საზაფხულო სკოლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის შემუშავებაში, ჩვენი უნივერსიტეტის გარდა, აქტიურად მონაწილეობდა ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანეს უნივერსიტეტი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ვულცბურგის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის და საერთაშორისო სამართლის, საერთშორისო ეკონომიკური სამართლის ეკონომიკური ადმინისტრაციული სამართლის კათედრის უფროსის, პროფესორ ექარდ პახეს დამსახურება და დიდი მადლობა გადავუხადო, ამასთან, იმედი გამოვთქვა, რომ ამგვარი თანმშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

კრებული იხ. აქ: “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები“.