პროკურორები უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობას ეწვივნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროკურორები უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობას ეწვივნენ


29 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ დაგეგმილი თექვსმეტდღიანი კამპანიის - “გენდერული და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა დავით ხარძეიშვილმა და რომან ბოლქვაძემ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

 

ამით საქართველოს პროკურატურა უერთდება აღნიშნულ კამპანიას, რომლის მიზანია სექსუალური შევიწროების ფენომენისა და ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული კანონმდებლობის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა.

 

პროკურორებმა ახალგაზრდებს გააცნეს ძალადობისა და სექსუალური შევიწროების სხვადასხვა სახის გამოვლინება: კერძოდ, ქორწინების იძულება, ოჯახში ძალადობა, ადევნება, სექსუალური შევიწროება სამსახურში, სასწავლებელში და სხვა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, შესაბამისად, გამოხატვის თავისებური ვერბალური, არავერბალური და ფიზიკური ფორმებით. სტუმრებმა ასევე წარმოადგინეს სექსუალური შევიწროების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყნის ძირითადი მიღწევები და სახელმწიფო სტრუქტურებში ძალადობის ფაქტების გამოსავლენად ინფორმაციის სამთავრობო ონლაინპლატფორმა.

 

პროკურორებმა ახალგაზრდებს აუხსნეს, კანონმდებლობითა და სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შევიწროების ყველა სახის ფორმა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყოველი ძალადობრივი ფორმა არის დამამძიმებელი გარემოება, არღვევს ადამიანის უფლებებს, რაც ისჯება კანონით.

 

შეხვედრის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია.