ღია გაკვეთილი 98-ე საჯარო სკოლაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ღია გაკვეთილი 98-ე საჯარო სკოლაში


უნივერსიტეტმა თავისი განვითარების სტრატეგია სწავლა-სწავლების პროცესში ახლებური მიდგომების, ახალი ფაქტორების გათვალისწინებითა და ინოვაციური კომპონენტების ჩართვით განსაზღვრა.

 

ამგვარი ინოვაციური კომპონენტია სტუდენტური ლექტორიუმი, რომელიც ცოდნის გაღრმავებასთან ერთად სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

 

ამასთან, სტუდენტური ლექტორიუმი სკოლის მოსწავლეებს განიხილავს როგორც საზოგადოების განვითარების მთავარ ფაქტორს, ამიტომ ის დაინტერესებულია მოსწავლეებთან კოოპერაციით, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციასა და ინფორმაციულ განვითარებას, მეორე მხრივ, სტუდენტთა სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც საზოგადოებისათვის თავისი ცოდნისა და გამოცდილების გადაცემას გულისხმობს.

 

სწორედ ამას ემსახურება სტუდენტურ ლექტორიუმში გაერთიანებული წარჩინებული სტუდენტების მიერ მოსწავლეებისათვის ჩატარებული საუბრები, მასტერკლასები, ღია გაკვეთილები.

 

24 მაისს, თბილისის 98-ე საჯარო სკოლის თხოვნით, უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის წარჩინებულმა სტუდენტმა მეგი გუტაშვილმა უფროსკლასელთათვის ჩაატარა ღია გაკვეთილი - „დიპლომატიური ეტიკეტი“.

 

მან მოსწავლეებს გააცნო დიპლომატის პროფესია, დიპლომატიური ეტიკეტის წარმოშობის ისტორია, ელჩის კანდიდატურის შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა, დიპლომატიური რანგები, საქმიანი საუბრის წარმართვის ხერხები, დიპლომატიური დოკუმენტაციის შედგენის თავისებურებები და სხვა მათთვის საინტერესო საკითხები.

 

საუბრის დასასრულს, მეგი გუტაშვილმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.

 

დიპლომატიური ეტიკეტის საკითხებს სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტები არჩევითი სასწავლო კურსის - „ზეპირი და წერითი ეტიკეტი ოფიციალურ ურთიერთობებში“, ფარგლებში სწავლობენ, სასწავლო კურსის ხელმძღვანელია ფილოლოგიის დოქტორი- მერი ლომია.