სტუდენტური ფესტივალი - 2019

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური ფესტივალი - 2019


2019 წლის 7-16 მაისს თბილისში "სტუდენტური ფესტივალი - 2019" გაიმართა.

 

საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედმა 36 უმაღლესმა დაწესებულებამ და 50 000-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო ფესტივალში მონაწილეობა.

 

ფესტივალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და ახალგაზრდობისა და განათლების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა: „... ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ყოველდღე ვკითხულობ ჩვენი ახალგაზრდების წარმატებას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და პერსპექტივა. თქვენ ხართ ყველაზე ენერგიული, აქტიური, შემოქმედებითად მოაზროვნე და უკომპრომისო ადამიანები...“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

სტუდენტური ფესტივალი ათი დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში მიმდინარეობდა და საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს მოიცავდა.

 

საკონკურსო ნაწილი უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის სამ სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) შეჯიბრებს და სტუდენტთა ოთხი მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა) შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს ითვალისწინებდა. არასაკონკურსო მიმართულება ეთნოკულინარიულ გამოფენას, სპორტულ ღონისძიებებს, მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენას და სხვა აქტივობებს მოიცავდა. ფესტივალის ფარგლებში, ჯამში, 20-მდე მასობრივი ღონისძიება გაიმართა.

 

კონკურსის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში კი ფესტივალზე წარდგენილი იყო მეწარმე სტუდენტის - გვანცა დარჩიაშვილის, ნამუშევრები, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და სტომატოლოგია, უნივერსიტეტის რადიომ რამდენიმე პირდაპირი ჩართვა განახორციელა მოვლენის ეპიცენტრიდან, ერთი გადაცემა დაუთმო სტუდენტური ფესტივალის მიმოხილვას.

 

16 მაისს ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა, თბილისის მერმა - კახა კალაძემ დახურვის ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული უნივერსიტეტები და სტუდენტები დააჯილდოვა და წარმატება უსურვა მათ.

 

ფესტივალი საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ინიციატივითა და თბილისის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.