პროექტი „Teen Academy” დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროექტი „Teen Academy” დასრულდა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პროექტი “Teen Academy” დასრულდა.

 

უნივერსიტეტის ეს პროექტი მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის, კარიერული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობის მიზნით ყოველწლიურად იმართება და მოსწავლეებს შორის დიდი წარმატებით სარგებლობს.

 

პროექტის წლევანდელი, მეშვიდე, სეზონი მოსწავლეთა აქტიურობის მიხედვით საინტერესო და გამორჩეული იყო, მასში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 400 -ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. 

 

„Teen Academy”-ის ფარგლებში განხორციელდა 7 პროექტი: „გახდი იურისტი“, „მედიაცია“, „გახდი პოლიტიკოსი“, „ბიზნესისა და მარკეტინგის საფუძვლები“, „გახდი ჟურნალისტი“, „სტომატოლოგია“ და „ფსიქოლოგია“.

 

პროექტის ყველა მონაწილემ გაიარა არჩეული სპეციალობის შესაბამისი სასწავლო კურსი პრაქტიკული ელემენტებით, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა თეორიულად მიღებული ცოდნა სხვადასხვა პროექტისა და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. სასწავლო კურსს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები უძღვებოდნენ.

 

პროექტის მთავარი პრიზი - სწავლის 100%-იანი დაფინანსება მიიღო პროექტ „მედიაციის“ ფინალური შეხვედრის გამარჯვებულმა მოსწავლეებმა: რუსთავის კერძო სკოლა „ლაზარეს“ მე-12 კლასის მოსწავლემ - პაატა ეგაძემ და გორის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ - გიორგი ზაზარაშვილმა. ამავე პროექტის ფარგლებში მიღწეული წარმატებისათვის სწავლის 50%-იანი დაფინანსების ვაუჩერით დაჯილდოვდნენ ქეთევან მიგრიაული და მანონ ირემაძე, თბილისისა და კასპის სოფ. ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

 

პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიზი ერგო „გახდი პოლიტიკოსის“ მონაწილეებსაც. ისინი პირველი დღიდანვე ჩაერთვნენ კანონშემოქმედებით პროცესში და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამართულ ფინალურ შეხვედრაზე წარადგინეს ოთხი კანონპროექტი. გაიმარჯვა „პროგრესული მოძრაობის“ მიერ მომზადებულმა პროექტმა „პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. გამარჯვებული გუნდის წევრებმა: ირაკლი მაჩაიძემ - თბილისის 124-ე საჯარო სკოლა, მარიამ პერტენავამ და ანა ფეიქრიშვილმა- თბილისის 55-ე საჯარო სკოლა, მარიამ კაპანაძემ - თბილისის 169-ე საჯარო სკოლა, თითოეულმა 3000- ლარიანი დაფინანსების პაკეტი მიიღო.

 

საინტერესოდ წარიმართა სხვა სასწავლო პროექტებიც.

 

“Teen Academy”-ის დახურვისა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა უნივერსიტეტის ატრიუმში. რექტორმა მამუკა თავხელიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეების მონაწილეობას პროექტში.  

 

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და დაფინანსების 5%-იანი ვაუჩერი, რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, 15 %-იც დაემატება.

 

ცერემონიის დასასრულს საზეიმოდ გაიჭრა ტორტი, მოსწავლეებმა უნივერსიტეტის რექტორსა და სასწავლო კურსის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადეს საინტერესო პროექტის, თბილი მიღებისა და მასპინძლობისათვის.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - 599776771