საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2012 წლის 13 ივლისს, მცხეთის შოთა რუსთაველის სახლობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, აღმოსავლური და დასავლური პლატონიზმის, არისტოტელიზმისა და ნეოპლატონიზმის თვალსაჩინო მკვლევარის, პროფესორ უდო რაინპოლდ იეკის დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „აღმოსავლეთი და დასავლეთი“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი (პასუხისმგებელი პირი: პროფ. თენგიზ ირემაძე) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება (პასუხისმგებელი პირი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ თევზაძე).

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის, ბონის უნივერსიტეტის (გერმანია) და კასელის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ამავე აკადემიის იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების წევრებმა.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში სხვადასხვა კუთხით იქნა განხილული აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ამ ორი განსხვავებული კულტურულ-ისტორიული საწყისის ურთიერთმიმართების უმნიშვნელოვანესი ასპექტები: ევროპოცენტრიზმის კრიტიკა შალვა ნუცუბიძისა და უდო რაინჰოლდ იეკის ნააზრევში, „შინაგანი ადამიანის“ პრობლემა იუდეურ და ევროპულ სააზროვნო ტრადიციაში, სამართალი და კანონი დასავლეთსა და აღმოსავლეთში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხატი ცნობილი ქართველი მწერლისა და მოაზროვნის, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში, მარტინ ჰაიდეგერი და აღმოსავლური ძენ-ბუდიზმი და ა.შ. კონფერენციას დიდი წარმატება ხვდა წილად. მის მიმართ საგანგებო ინტერესი გამოიჩინეს ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა. კონფერენციის მასალები მიმდინარე წლის დასასრულს კრებულის სახით გამოქვეყნდება. Intellektus korepetitoriai

 

დღის წესრიგი იხილეთ აქ