ტიერი ბერიშვილის წიგნის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტიერი ბერიშვილის წიგნის პრეზენტაცია

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მეორე თაობის წარმომადგენლის ტიერი ბერიშვილის წიგნი „1924 წლის ეროვნული აჯანყება საქართველოში“ უკვე ორჯერ გამოიცა საფრანგეთში. წიგნის ქართულად თარგმნა და მისი ორენოვანი გამოცემა განახორციელა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა. წიგნის მთარგმნელია ეკა ქამხაძე, ქართული ტექსტის რედაქტორი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გოჩა საითიძე. გამოცემა უხვად არის ილუსტრირებული იშვიათი ფოტოებით, ერთვის რუკები.

 

წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 2013 წლის 8 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში. პრეზენტაციას უძღვებოდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. განხილვაში მონაწილეობდნენ ემიგრაციის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი; ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრები, პროფესორები: გოჩა საითიძე, პაატა სურგულაძე, ნინო ქემერტელიძე, ხათუნა კაჭარავა, რუსუდან დაუშვილი, რუსუდან ნიშნიანიძე; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან კობახიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა საითიძე, პროფესორი დალი ჩიკვილაძე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ლალი ცომაია და სხვები.

 

დასასრულ დამსწრეთა წინაშე წარსდგა წიგნის ავტორი, ქართველ ხალხთან მეგობრობის ფრანგული კულტურული ასოციაციის თავმჯდომარე ტიერი ბერიშვილი. მან მადლობა გადაუხადა გამომსვლელებს წიგნის განხილვისას გამოთქმული კრიტიკული შენიშვნებისა და საქმიანი წინადადებებისათვის, ისაუბრა ასოციაციის სამომავლო გეგმებზე, გამოთქვა რობაქიძის უნივერსიტეტის ემიგრაციის ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.