სტიქიით დაზარალებული ბავშვები სასტუმრო „ანდამატში“ ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადიან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტიქიით დაზარალებული ბავშვები სასტუმრო „ანდამატში“ ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადიან


საბურთალოს რაიონის გამგეობის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და სასტუმრო „ანდამატის“ ერთობლივი პროექტი სტიქიით დაზარალებული ოჯახების შვილების დასახმარებლად გრძელდება.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა 13-დან 22 წლამდე ასაკის ათი ახალგაზრდა გრიგოლეთში 9 ივლისს გაამგზავრა. ამჟამად ისინი სასტუმრო „ანდამატში“ ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადიან. პროგრამა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დავით ანდღულაძემ სპეციალურად ამ საქველმოქმედო აქციისათვის მოამზადა და ის სტრესის დაძლევასა და ემოციის მართვას ისახავს მიზნად.

 

უნივერსიტეტმა ბენეფიციარებისთვის დაგეგმა კომპლექსური სარეაბილიტაციო გასართობი ღონისძიებები, რომელსაც სასტუმრო ანდამატის ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერით ახორციელებს. ახალგაზრდებისთვის ტარდება ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები, სიტუაციური დისკუსიები, ვიზიტი გასართობ კომპლექს „ციცინათელაში“. ჯგუფის უსაფრთხოებასა და ღონისძიებების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დავით სარიშვილს, რომელსაც დახმარებას უწევენ უნივერსიტეტის სტუდენტები გიორგი კვარაცხელია და სოფო თავბერიძე.

 

სტიქიით დაზარალებული ბავშვებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციამ სპეციალურად მიიწვიია სამეჯლისო ცეკვების ქორეოგრაფი, მაესტრო მორისი, რომელიც ახალგაზრდებს ყოველ საღამოს გასართობ შოუ-პროგრამას სთავაზობს და ცეკვის მასტერ-კლასებსაც უტარებს.

 

აღნიშნულ აქციას სრულად აფინანსებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზაციული მხარდაჭერით.

 

სტიქიით დაზარალებული ოჯახის შვილები თბილისში 16 ივლისს დაბრუნდებიან.