დათო კობერიძე
“ჩემი ბიოგრაფიის 7 წელი “ალმა მატერთან” არის დაკავშირებული. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე ამ უნივერსიტეტის სკოლა-ლიცეუმში. სიმართლე გითხრათ, “ალმა მატერი” შევარჩიე წამხედურობით, მხოლოდ მისი პოპულარობის გამო, რადგან დედა ექიმია, ხოლო მამა ეკონომისტი და განათლების სისტემას ისინი ნაკლებად იცნობდნენ.
თავიდან ახალ მოთხოვნებთან შეგუება გამიჭირდა, ერთხელ გარიცხვის კანდიდატიც კი ვიყავი, მაგრამ მალევე გაქრა ბავშვური სიცელქე და სწავლას მართლა სერიოზულობით მოვეკიდე _ შედეგებს ყოველდღიურად ვგრძნობდი და ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს აღვიძებდა ჩემში.
ლიცეუმი წარმატებით დავამთავრე. დავდექი მეორე დილემის წინაშე - გამეგრძელებინა სწავლა უნივერსიტეტ “ალმა მატერში”, თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში.
იმხანად ჩემი უფროსი ძმა ერთ-ერთ ცნობილ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, “ოჯახურ თათბირზე”, არჩევანი სწორედ “ალმა მატერზე” შეჩერდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გათვლა აბსოლუტური სიზუსტით გაგვიკეთებია.
“ალმა მატერისგან” ყველა სიკეთე მივიღე. ჩემი კარიერა, ფაქტობრივად, სტუდენტობიდანვე დაიწყო: ლიცეუმშივე ინგლისურ ენას დავეუფლე ისე, რომ შევძელი შემდგომში გამარჯვება IREX-ის კონკურსში და ერთი წლით ვსწავლობდი ამერიკის შეერთებული შტატების დიუქეინის უნივერსიტეტში.
ჩამოსვლის შემდეგ “ალმა მატერსა” და სიეტლის ცენტრალურ საზოგადოებრივ კოლეჯს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩავირიცხე ამ კოლეჯის დისტანციური სწავლების პროგრამაზე და გავიარე სრული კურსი “ამერიკულ საბუღალტრო აღრიცხვაში” (მიღებული სერთიფიკატი უფლებას მაძლევს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ვიმუშაო ამ სფეროში).
მთავარი ის არის, რომ აქაც გამიმართლა. გავიმარჯვე შიდა საფაკულტეტო კონკურსში და სწავლება უფასოდ, უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი გრანტით გავიარე.
დამამთავრებელ წელს პრაქტიკაზე ვიყავი ფინანსთა სამინისტროში. ჩემდა გასაოცრად, სამუშაოდ იქვე დამტოვეს საგარეო ვალების მომსახურების დეპარტამენტში კოორდინატორად, 2005 წლიდან კი დიდი პატივი მერგო, დავინიშნე საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწედ.
არ ვიცი, 24 წლის ასაკისათვის ყველაფერი ეს ბევრია თუ ცოტა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს ახლანდელ და მომავალ კარიერას “ალმა მატერს” უნდა ვუმადლოდე, ისიც ვიცი, რომ ჩემი ბიოგრაფია არ არის აქ გამონაკლისი.“