ზოგადი შეფასების დებულების კომენტარები
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე დამტკიცებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შეფასების კრიტერიუმები მაქსიმალურად ადეკვატურად ასახავს სტუდენტის ცოდნისა და უნარ-ჩვევების ხარისხს. ამავდროულად, შეიცავს მექანიზმს, რომელიც წაახალისებს - უფრო მეტად აამოქმედოს და გამოავლინოს საკუთარი შემეცნებითი რესურსი, განავითაროს არსებული და მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს.
არსებული შეფასების სისტემა სრულ შესაბამისობაშია ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში მოქმედ სტანდარტებთან. ის შემუშავებულია ინგლისის ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტის ექსპერტების უშუალო მონაწილეობით, თუმცა გათვალისწინებულია ამერიკული სისტემის ზოგიერთი ასპექტიც.
შეფასების დონეთა სახელდება (გამორჩეული, ბრწყინვალე, კარგი...) პირობითია. მთავარი განმსაზღვრელია პროცენტი (ქულა) და ნიშანი, გამოხატული ასოითი სიმბოლოებით.
არსებული კრიტერიუმები გამოიყენება, როგორც ზეპირი, ისე წერითი ფორმით ცოდნა-ჩვევების შეფასებისას.
უნივერსიტეტში შეფასების სისტემა ორ ელემენტად იყოფა – შუალედური და შემაჯამებელი. თითოეულს თავისი ღირებულებითი წონა აქვს პროცენტულ გამოსახულებაში, რომელიც შეფასების პროცედურის დროს არსებით როლს თამაშობს. ელემენტები, თავის მხრივ, იყოფა კომპონენტებად. ცალკეული კომპონენტი ფასდება ქულით, რაც შედეგებში აისახება პროცენტული გამოსახულებით.
შუალედური შეფასების სისტემა მოიცავს შუალედურ შემოწმებებსა (50%) და სემესტრულ გამოცდას (50%).
თითოეულ შუალედურ შეფასებას (ტესტი, სემინარი, პრეზენტაცია, კოლოქვიუმი, ესსე და ა.შ.) თავისი ხვედრითი წილი აქვს, რომელსაც განსაზღვრავს მოდულის ხელმძღვანელი. ანუ შუალედური შემოწმების 50%-იანი წილი შეიძლება დაიყოს _ (15%, 15% 15%, 5%), (20%, 20%, 10%) და ა.შ., რაც დამოკიდებულია სემესტრის მანძილზე ჩატარებული შუალედური შემოწმების რაოდენობაზე.
აქტივობა ფასდება სემინარულ მუშაობაში ან დისკუსიებში სტუდენტის მონაწილეობის სიხშირით და ხარისხით. მიღებული ქულები იკრიბება და იყოფა აღნიშნული სამუშაოთა რაოდენობაზე.
მეცადინეობებზე დასწრება სავალდებულოა. ყოველი მოდულის შეფასების საერთო სისტემაში გაცდენას გარკვეული პროცენტული წილი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ საბოლოო შეფასებას, სხვა კომპონენტებთან ერთად, განსაზღვრავს გაცდენილი საათებიც.
შემაჯამებელი შეფასება მოდულის შესწავლისას სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებების საშუალო პროცენტული მაჩვენებელია.
შუალედური შემოწმებების, აქტივობის, დასწრებისა და გამოცდის შეფასებისას სტუდენტის მიერ მიღებული FX (41-50) და F (0-40) შეფასება ითვლება არასაკმარისად (ჩაჭრად). ამ შემთხვევაში ქულა არ ფიქსირდება.
გთავაზობთ მოდულის შემაჯამებელი შეფასების გაანგარიშების სქემას.
I ვარიანტი
დავუშვათ სტუდენტს რომელიმე მოდულში მიღებული აქვს შემდეგი შეფასებები:
I შუალედური შემოწმება (15%) – 80 ქულა
II შუალედური შემოწმება (15%) – 70 ქულა
აქტივობა (15%) – 75 ქულა
დასწრება (5%) – 65 ქულა
გამოცდა (50%) – 80 ქულა
ამ შემთხვევაში შემაჯამებელი პროცენტი გამოითვლება შემდეგნაირად:
(80X15% + 70X15% + 75X15% + 65X5%) + 80X50% = (12%+11%+10%+3%)+40% = 76%
ამრიგად, სტუდენტმა შუალედურ შემოწმებების შედეგებით აიღო 36%, ხოლო გამოცდაში _ 40%. სულ, აღნიშნულ მუდულში _ 76%. შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, 76% (C) დადებითი შეფასებაა და სტუდენტს მოდული ჩაბარებულად ეთვლება.
II ვარიანტი
დავუშვათ სტუდენტს რომელიმე მოდულში მიღებული აქვს შემდეგი შეფასებები:
I შუალედური შემოწმება (15%) – 30 ქულა
II შუალედური შემოწმება (15%) – 45 ქულა
აქტივობა (15%) – 55 ქულა
დასწრება (5%) – 65 ქულა
გამოცდა (50%) – 70 ქულა
ამ შემთხვევაში სტუდენტის შეფასება პროცენტულ გამოსახულებაში შემდეგნაირია::
(0X15% + 0X15% + 55X15% + 65X5%) + 70X50% = (0%+0%+8%+3%)+35% = 46%
სტუდენტმა I და II შუალედურებში მიიღო 30 და 45 ქულა, რაც შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ითვლება, შესაბამისად F და FX შეფასებად. ამდენად, სტუდენტს აღნიშნული შუალედური შემოწმებები ჩაბარებულად არ ეთვლება და ფასდება 0 ქულით.
ამრიგად, სტუდენტმა შუალედურ შემოწმებებში აიღო 11%, ხოლო გამოცდაში _ 35%. სულ, აღნიშნულ მუდულში _ 46%. შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, 46% (FX) უარყოფითი შეფასებაა და სტუდენტს მოდული ჩაბარებულად არ ეთვლება. ამ შემთხვევაში მას აქვს გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება. თუ დამატებით გამოცდაზე დაფიქსირდა დადებითი შეფასება (51 და მეტი ქულა), მაგრამ სტუდენტის შემაჯამებელი შეფასება მაინც არ აღემატება 50%-ს, ამ შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. საჭიროა მოდულის ხელმეორედ გავლა.
III ვარიანტი
დავუშვათ სტუდენტს რომელიმე მოდულში მიღებული აქვს შემდეგი შეფასებები:
I შუალედური შემოწმება (15%) – 70 ქულა
II შუალედური შემოწმება (15%) – 60 ქულა
აქტივობა (15%) – 55 ქულა
დასწრება (5%) – 65 ქულა
გამოცდა (50%) – 46 ქულა
ამ შემთხვევაში სტუდენტის შეფასება პროცენტულ გამოსახულებაში შემდეგნაირია::
(70X15% + 60X15% + 55X15% + 65X5%) + 0X50% = (11%+9%+8%+3%)+0% = 31%
ამრიგად, სტუდენტმა შუალედურ შემოწმებებში აიღო 31%. გამოცდაზე მიღებული 46 ქულა (FX) უარყოფითი შეფასებაა, სტუდენტს გამოცდა ჩაბარებულად არ ეთვლება და ფასდება 0 ქულით. ამ შემთხვევაში მას აქვს გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება. თუ დამატებით გამოცდაზე მიიღო დადებითი შეფასება (51 და მეტი ქულა), სტუდენტს მოდული ჩაბარებულად ეთვლება და შემაჯამებელი შეფასება ანგარიშდება I ვარიანტის მიხედვით. ხოლო თუ დამატებით გამოცდაზე მიიღო უარყოფითი (FX, F) შეფასება, ამ შემთხვევაში მოდულს გადის თავიდან.
IV ვარიანტი
სემესტრულ გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტი (F შეფასება), მიუხედავად მისი მიღწევებისა შეალედური შემოწმებების დროს, ითვლება ჩაჭრილად და მოდულს გადის თავიდან.
V ვარიანტი
სტუდენტმა, რომელიც შუალედური შემოწმებების შედეგად ვერ დააგროვა 0%-ზე მეტი, გამოცდაზე არ დაიშვება და საჭიროა მოდულის ხელმეორედ გავლა.
ამრიგად:
I. გადაბარება არ დაიშვება და ფასდება 0 ქულით:
1. თუ შუალედური შემოწმების ერთ-ერთ კომპონენტში ფიქსირდება 51-ზე ნაკლები ქულა;
2. თუ აქტივობის საშუალო ქულა სემესტრის ბოლოს შეადგენს 51-ზე ნაკლებს;
3. თუ დასწრების საშუალო ქულა სემესტრის ბოლოს შეადგენს 51-ზე ნაკლებს;
4. თუ გამოცდაზე სტუდენტმა მიიღო F შეფასება;
5. თუ სტუდენტმა შუალედური შემოწმებისას მიიღო დადებითი შეფასება, მაგრამ სურვილი აქვს გაზარდოს პროცენტი.
II. სტუდენტმა მოდული უნდა გაიაროს თავიდან:
1. თუ შუალედური შემოწმებების შედეგად ვერ აიღო 0%-ზე მეტი;
2. თუ შემაჯამებელ გამოცდაზე მიიღო F შეფასება;
3. თუ შემაჯამებელ გამოცდაზე მიიღო FX შეფასება, მაგრამ დამატებით გამოცდაზე კვლავ უარყოფითად (FX, F) შეფასდა (მიუხედავად მისი მიღწევებისა შუალედური შემოწმებების დროს);
4. თუ შემაჯამებელ გამოცდაზე მიიღო დადებითი შეფასება (51 და მეტი ქულა), მაგრამ საბოლოო სემესტრული შეფასება არ აღემატება 40%;
III. სტუდენტს გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება აქვს:
1. თუ შემაჯამებელ გამოცდაზე მიიღო FX შეფასება;
2. თუ შემაჯამებელ გამოცდაზე მიიღო დადებითი შეფასება (51 და მეტი ქულა), მაგრამ შემაჯამებელი შეფასება მერყეობს 41-50%-ის ფარგლებში.