აკადემიური სტანდარტი
აკადემიური სტილი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური სტილი განსაზღვრა იმ აკადემიურმა სტანდარტებმა, რომელიც 2002 წლიდან, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა უნივერსიტეტში. ყველა სტუდენტი კარგად უნდა გაეცნოს მას და შეუსაბამოს სტუდენტური ცხოვრების საკუთარი წესი.
ECTS
უნივერსიტეტში, 2002 წლიდან, სტუდენტის აკადემიური დატვირთვის განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, აკადემიური პროცესის მართვა ხორციელდება კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემით - ECTS (ნიშანდობლივია, რომ ეს სისტემა მხოლოდ 2005 წლიდან ინერგება საქართველოს უმაღლეს სკოლებში).
აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და დიპლომის მისაღებად სტუდენტებმა წელიწადში უნდა დააგროვონ 60 კრედიტი.
ECTS კოორდინატორები:
უნივერსიტეტის - მოგელი შენგელია
იურიდიული ფაკულტეტის - ნინო ციხისელი
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის - ციური ხმიადაშვილი
ჰუმანიტარული და სოც. მეცნიერებების ფაკულტეტის - ფიქრია ბერიძე
სტომატოლოგიური ფაკულტეტის - თამარ ციხისელი
აკადემიური პროცესი
სწავლა და სწავლება ერთი მთლიანი აკადემიური პროცესია. უნივერსიტეტი სტუდენტს აღიარებს ამ პროცესის სუბიექტად და არა ობიექტად. აქედან გამომდინარე, კრედიტებში განაწილებული საათების რაოდენობა დამოუკიდებელი მუშაობისათვის უფრო მეტია, ვიდრე სააუდიტორიო – საშუალოდ 40/60.
სწავლისა და სწავლების პროცესი წარიმართება უახლესი ინტერაქტიური ტექნოლოგიებით – კეისმეთოდებით, მოდელირებით, მასტერკლასებით, დისკუსიებით, პროექტებით და მისთანებით.
ფორმალური აკადემიური სტანდარტები
სწავლის ხანგრძლივობა აკადემიურ პროგრამებზე შემდეგნაირად განისაზღვრება:
- ბაკალავრის პროგრამა - 240 კრედიტი
- მაგისტრის პროგრამა - 180 კრედიტი
- დიპლომირებულ სპეციალისტის პროგრამაზე - 300 კრედიტი
- სარეზიდენტურო პროგრამაზე 1 - დან 4 წლამდე, სპეციალიზაციის მიხედვით
- ყოველი სემესტრი ბაკალავრის, სპეციალისტისა და მაგისტრის პროგრამებისათვის მოიცავს 15 კვირას.
- მეცადინეობების ხანგრძლივობა 55 წუთია.
- საბაკალავრო და სპეციალისტის პროგრამაზე ყოველ წელს ისწავლება 8 - 10 მოდული, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე 5 - 6. ამ უკანასკნელზე, განსხვავებით ბაკალავრის პროგრამისაგან, პრიორიტეტულია კვლევა და მეტი დრო ეთმობა დამოუკიდებელ მუშაობას.
- დავალებების შესრულების ვადებს განსაზღვრავს ყოველი მოდულის სილაბუსი
აკადემიური ეთიკა
აკადემიურ პროცესს თავისი ეთიკა აქვს, მისი დარღვევა პირდაპირ აისახება აკადემიურ ხარისხზე, ამდენად დაუშვებელია:
პლაგიატობა, რაც ნიშნავს სხვისი ნაშრომის, იდეის, აზრის მითვისებას. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში ყოველ მოდულს რეაგირების თავისი ფორმები გააჩნია. ამიტომ სტუდენტი კარგად უნდა გაეცნოს ყოველ სილაბუსს, სადაც კონკრეტულად არის განსაზღვრული მოთხოვნები.
გადაწერა - კარნახი მიუღებელია როგორც სააუდიტორიო, ისე დამოუკიდებელი სამუშაოების შესრულების დროს. ის შეიძლება გამოვლინდეს მეორე სტუდენტის ნამუშევრიდან გადაწერით, გამოცდებზე ან შუალედური შემოწმების დროს წიგნებისა თუ კონსპექტების გამოყენებით, აგრეთვე, ინფორმაციის მიწოდებით - კარნახით. ასეთ შემთხევვაში, ლექტორი უფლებამოსილია მოხსნას სტუდენტები გამოცდიდან, ხოლო გადაწერის ფაქტის მოგვიანებით აღმოჩენისას, ორივე ნაშრომი შეაფასოს F-ით.
ფალსიფიკაცია გულისხმობს ერთი და იგივე ნაშრომის წარდგენას სახეცვლილებით - სათაურის შეცვლით, ყალბი ინფორმაციის და წყაროების მოტანას, შეფასების შედეგების გაყალბებას და ა.შ.
ქცევა არ უნდა შეიცავდეს ნეგატიურ გამოვლენას სტუდენტის მხრიდან. ის მოქმედებს აკადემიური პროცესის დინამიკაზე, მის ეფექტურობაზე, იწვევს ფსიქოემოციურ დისკომფორტს. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია კორექტული ურთიერთობის პრინციპების დაცვა ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებაში.
ნებისმიერი ეთიკური ნორმის დარღვევა, მათ შორის უნივერსიტეტის აღჭურვილობის დაზიანება, შეიძლება საფუძველი გახდეს სტუდენტის უპირობოდ გარიცხვისა უნივერსიტეტიდან.
დასწრება
მეცადინეობებზე დასწრება სავალდებულოა. ყოველი მოდულის შეფასების საერთო სისტემაში გაცდენას 5 პროცენტი უკავია, რაც ნიშნავს იმას, რომ საბოლოო შეფასებას, სხვა კომპონენტებთან ერთად, განსაზღვრავს გაცდენილი საათებიც. საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ის საათები, რომელსაც დასაბუთების შემდეგ დეკანატი ჩათვლის მისაღებად. 12 საათის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში დეკანატი უფლებამოსილია სტუდენტი გარიცხოს უნივერსიტეტიდან ან დაავალოს გამოტოვებული მეცადინეობების აღდგენა, რისთვისაც საჭიროა დამატებითი საფასურის გადახდა ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ოდენობით.
მეცადინეობებზე ხუთი და მეტი წუთით დაგვიანება ითვლება არასაპატიოდ. ლექტორი უფლებამოსილია არ დაუშვას მეცადინეობაზე დაგვიანებული სტუდენტი.
შეფასების სისტემა
უნივერსიტეტში შეფასების სისტემა ორ ელემენტად იყოფა - შუალედური და შემაჯამებელი. თითოეულს თავისი ღირებულებითი წონა აქვს, რომელიც შეფასების პროცედურის დროს არსებით როლს თამაშობს.
შეფასება არ არის მხოლოდ სტუდენტის ცოდნის იდენტიფიცირების მომენტი. ის, ერთი მხრივ, ამ მომენტისათვის მომზადების პროცესს გულისხმობს, მეორე მხრივ, სწავლის ახალი ტაქტიკის გამომუშავების საფუძველს ქმნის.
უნივერსიტეტში გამოყენებული შეფასების სისტემა სრულ შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან, თუმცა გათვალისწინებულია ამერიკული სისტემის ზოგიერთი ასპექტიც. მაგალითად, შეფასების დასაზუსტებლად გამოიყენება გრაფიკული ნიშანი +,-.
შეფასების სკალა
ფრიადი:
A+ 98 – 100
A 94 - 97
A- 91 - 93
ძალიან კარგი:
B+ 87 - 90
B 84 - 86
B- 81 - 83
კარგი:
C+ 77 - 80
C 74 – 76
C- 71 - 73
დამაკმაყოფილებელი:
D+ 67 - 07
D 64 - 66
D- 61 - 63
საკმარისი:
E+ 57 - 60
E 54 – 56
E- 51 - 53
არასაკმარისი:
FX 41 – 50
ჩაიჭრა:
F 0 – 40
* გამსვლელი ქულაა 51 (E დონე) და ზევით.
* FX 41 – 50 - არასაკმარისი . კრედიტის მისაღებად მეტი მუშაობაა საჭირო.
* F 0 – 40 - ჩაჭრა. მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი.
სწავლის შედეგები
სწავლის შედეგების შეფასების მინიმალური ზღვარია 51 პროცენტი.
51 პროცენტზე ნაკლები, FX-ით შეფასებისას, მოდულის გადაბარება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, გამოცდების დამთავრებიდან ორი კვირის ვადაში, რისთვისაც საჭიროა დამატებითი საფასურის გადახდა 50 ლარის ოდენობით. წარუმატებლობის შემთხვევაში სტუდენტმა ხელმეორედ უნდა გაიაროს აღნიშნული მოდული.
F - ით შეფასების შემთხვევაში გადაბარება არ დაიშვება, მოდული/ საგანი ხელმეორედ უნდა იქნეს გავლილი.
მოდულის/საგნის ხელმეორედ გავლა შესაძლებელია როგორც შესაბამისი კურსის მეცადინეობებზე დასწრებით ისე მის გარეშე, დამოუკიდებელად, კონსულ-ტაციების მიღებით.
მოდულის გადაბარება გამსვლელი შეფასების შემთხვევაში, პროცენ-ტის/ქულის მომატების მიზნით, დაიშვება მხოლოდ კონკრეტული მოდულის/საგნის ხელმეორედ გავლისა და შუალედური შემოწმების სრული პაკეტის შესრულების პირობებში, მაგრამ არა უმეტეს 3 მოდულისა მთელი პროგრამული ციკლის ფარგლებში. ამასთან, თუ შეფასების შედეგები ხელს უშლის წარჩინების დიპლომის მიღებას.
შუალედური შემოწმების ერთ-ერთი კომპონენტის გამოტოვების შემთხვევაში, თუ ის არ არის გამოწვეული განსაკუთრებულად საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა), ფასდება F-ით, ხელმეორედ ჩაბარების უფლების გარეშე.
შუალედური შემოწმების ერთ-ერთ კომპონენტში გამსვლელ პროცენტზე დაბალი შეფასების შემთხვევაში მისი გადაბარება არ დაიშვება.
დასაბუთებული საპატიო მიზეზით შუალედური შემოწმების ერთ-ერთი კომპონენტის გამოტოვების შემთხვევაში, დეკანს შეუძლია მისი ჩაბარების ნება დართოს სტუდენტს, ამასთან დამატებითი სერვისისათვის, აუცილებელია დამატებითი გადასახადის გადახდა, ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ოდენობით.
შემდგომ დონეებზე დაშვება
პროგრამის ყოველ შემდგომ დონეზე სტუდენტი დაიშვება, ჩვეულებრივ, 60 კრედიტის მოგროვების შემთხვევაში.
პროგრამის ყოველ შემდგომ დონეზე სტუდენტის დაშვება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტების რაოდენობა 60-ს არ აღწევს, მაგრამ არანაკლებია 35-ზე. ასეთ შემთხვევაში სტუდენტმა შემდგომი დონის მოდულებთან/საგნებთან ერთად პარალელურად, ხელმეორედ, უნდა გაიაროს მოდულები, რომლებშიც ვერ დააგროვა კრედიტები.
მოდულის/ საგნის ხელმეორედ გავლისათვის სტუდენტმა დამატებით უნდა გადაიხადოს 400 ლარი თითოეული მოდულისათვის/საგნისათვის.
იმ შემთხვევაში თუ დაუგროვებელი კრედიტების რაოდენობა აჭარბებს 25-ს, სტუდენტი არ დაიშვება შემდგომ დონეზე. მან ხელმეორედ უნდა გაიაროს იმ წლის პროგრამა, რისთვისაც ევალება გადაიხადოს სწავლის საფასური ამ კონკრეტული წლისათვის დადგენილი ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოირიცხება სტუდენტთა სიიდან. იგივე წესი ვრცელდება აკადემიური შვებულებიდან დაბრუნების შემთხვევაში.
დავალების წარდგენა
დამოუკიდებლად შესრულებული დავალებების ჩაბარება დაგეგმილ ვადაში აუცილებელია.
დავალების მიცემისას პროფესორი კიდევ ერთხელ აზუსტებს ჯგუფის წინაშე ნაშრომის წარდგენის ვადას.
ობიექტურ გარემოებათა გამო, შესაძლოა, პროფესორის მიერ დათქმული ვადა არ დაემთხვეს გრაფიკში მითითებულს, ასეთ შემთხვევაში, სტუდენტისათვის, საორიენტაციოდ, პროფესორის მიერ გაცხადებული დრო ითვლება.
გრაფიკში კორექტივის შეტანის შესახებ, როგორც წესი, პროფესორმა უნდა აცნობოს დეკანატს.
დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნაშრომი მიიღება შესაფასებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში შეფასების მაქსიმალურ ზღვრად ჩაითვლება 70 პროცენტი/ქულა, ამასთან თუ ეს ნაშრომი ვადის გასვლის შემდგომი ხუთი სამუშაო დღის ვადაში ბარდება.
თუ ნაშრომი მეორე ვადის გასვლის მომდევნო ხუთ სამუშაო დღეში ბარდება, შეფასების მაქსიმალური ზღვარია 55 პროცენტი. მესამე ვადაში ჩაბარებული დავალება არ ფასდება.
სტუდენტს შეუძლია მოითხოვოს დავალების ჩაბარების გადავადება თუ ამისთვის არსებობს კვლევასთან დაკავშირებული პრობლემები ან სხვა საპატიო მიზეზები.
გადავადების თხოვნით, თუ ეს თხოვნა ეხება ესსეს, სტუდენტი განცხადებით მიმართავს მოდულის ხელმძღვანელს, ხოლო საკურსოს გადავადებისათვის პროგრამის დირექტორს. მხოლოდ მათი დასტურის შემთხვევაში ითვლება გადავადებულად ნაშრომის წარმოდგენის ვადა. ასეთ შემთხვევაში ზემოაღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება.
სტუდენტმა გადავადების თხოვნის განცხადებით უნდა მიმართოს ადრესატებს დადგენილი ვადის გასვლამდე არაუგვიანეს სამი დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ განცხადება არ მიიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საპატიო მიზეზით გამოწვეული შეფერხება აღნიშნულ სამ დღეს მოიცავს.
კოლიზია
კოლიზიად ჩაითვლება ის სიტუაცია, როდესაც სტუდენტი თვლის, რომ მისი ცოდნა ამა თუ იმ მოდულის კონკრეტული ელემენტის ფარგლებში ობიექტურად არ შეფასდა, ან მიაჩნია, რომ არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომლებმაც განაპირობა მისთვის მიუღებელი შეფასება.
წინა აბზაცში აღწერილი მდგომარეობის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია მიმართოს დასაბუთებული განცხადებით საატესტაციო საბჭოს და მოითხოვოს ნიშნის მომატება ან მოდულის მთლიანად ან რომელიმე ელემენტის გადაბარება.
პრეტენზიები მიიღება შეფასების შედეგის გაცნობიდან 3 დღის ვადაში.
საბჭოს უფლება აქვს არ დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ან პირიქით, დამაჯერებლად მიიჩნიოს წარდგენილი არგუმენტები და მიიღოს შემდეგი სახის გადაწყვეტილებები:
- კორექცია გაუკეთოს დაწერილ ნიშანს
- წერითი ნამუშევრის შემთხვევაში დანიშნოს ნამუშევრის ექსპერტიზა სხვა პედაგოგების ან მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით
- ზეპირი გამოცდის შემთხვევაში დანიშნოს სხვა კომისია
- სტუდენტი უფლებამოსილია აცილება მისცეს რომელიმე გამომცდელს, თვით მოდულის ხელმძღვანელის ან პედაგოგის ჩათვლით
ნებისმიერი პრეტენზიის განხილვის დროს საბჭო უპირატესად ითვალისწინებს სტუდენტის ინეტერესებს და სადაო სიტუაციებში იღებს გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ (მხედველობაში მიიღება მისი საერთო აკადემიური მაჩვენებლები და სხვა ფაქტორები).
სტუდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს საბჭოს გადაწყვეტილების გადასინჯვა და განცხადებით მიმართოს აკადემიურ საბჭოს.
აკადემიური საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს ან დაეთანხმოს საატესტაციო საბჭოს გადაწყვეტილებას და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ახალი საგამოცდო კომისია.
მობილობა
საქართველოს კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ” და ქვეყნის შეერთება ბოლონიის პროცესთან, სტუდენტის მობილობის მაღალი ხარისხის მიღწევის საშუალებას იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს შეუძლია ძირითად პროგრამასთან ერთად გაიაროს მეორე ძირითადი პროგრამაც, ანუ დაეუფლოს ორ სპეციალობას. ასეთ შემთხვევაში კრედიტების თანაფარდობა უნდა შეადგენდეს 50/50-ზე, ხოლო, თუ ძირითადი პროგრამა არ იძლევა მეორე ძირითადი პროგრამის არჩევის საშუალებას, ანუ ერთ-ერთი პროგრამის სრულფასოვანი განხორციელებისათვის 50 პროცენტზე მეტი კრედიტების დაგროვებაა საჭირო, ასეთი პროგრამა ჩაითვლება როგორც დამატებითი და არა ძირითადი.
გარდა ამისა, სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული კურსები 40 კრედიტის ფარგლებში. ამავე დროს, შესაძლებელია ამ კრედიტების გამოყენება მეორე პროგრამისათვის, თუ კრედიტების რაოდენობა არ არის საკმარისი. კრედიტების რაოდენობამ, ბაკალავრის ხარისხის მისაღებად, მთლიანობაში, 240 კრედიტი უნდა შეადგინოს.
განსაკუთრებით მობილურმა სტუდენტებმა შესაძლებელია 240 კრედიტზე მეტი მოაგროვონ და გაიარონ ნებისმიერი კურსი უნივერსიტეტის მასშტაბით. ამას სერიოზული დასაბუთება დასჭირდება, რადგან 240 კრედიტი ოთხ წელიწადში ასახავს სტუდენტის სასწავლო დატვირთვას. ის კვირაში 40 საათს ანუ დღეში 8 საათს მოიცავს. იგულისხმება, რომ მეტი დატვირთვა დაბალეფექტურს ხდის სწავლას.
თუ სტუდენტი ჩათვლის, რომ მას ხელეწიფება დამატებითი კრედიტების აღება, იგი დარეგისტრირდება შესაბამის მოდულებზე, ხოლო დასრულების შემდეგ მიიღებს დამადასტურებელ სერთიფიკატს ან აღინიშნება დიპლომის დანართში, რისთვისაც დამატებით უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ოდენობით.
ორი პროგრამის გავლის წესი არ ვრცელდება სამართალმცოდნეობისა და სტომატოლოგიურ სპეციალობებზე, გამომდინარე მათი სპეციფიკიდან.