რექტორის ოფისი
საფინანსო ოფისი
დეკანების ოფისი
რექტორის შესახებ

ბატონი მამუკა თავხელიძე დაიბადა თბილისში, 1954 წელს. მას უმაღლესი პედაგოგიური განათლება აქვს მიღებული. არის პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი. იგი 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია “ევროპული დიდაქტიკა”, რომელიც მომზადდა ჰუმანიტარულ კათედრაზე და გამოიცა ფონდი ,,ღია საზოგადოება, საქართველოს” ხელშეწყობით.
2004 წელს ბატონი მამუკა თავხელიძისა და მისი კოლეგის ბელა გომელაურის ავტორობით გამოიცა მონოგრაფია “უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის მართვა-აკრედიტაცია”, რომელშიც აკადემიური ხარისხის მართვის სისტემების თეორიული საფუძველები და მთავარი პრინციპებია გაანალიზებული, განხილულია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამოცდილება აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ნაშრომი, საქართველოში, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური ხარისხის მართვის პრობლემებს ეხება.
წლების განმავლობაში ბატონი მამუკა თავხელიძე მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე – იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორის თანაშემწე, საქართველოს განათლების მინისტრის თანაშემწე, სახელმწიფო პედაგოგიურო უნივერსიტეტის ლექტორი, აღმზრდელობითი განყოფილების გამგე, ხოლო 1992 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორია. სწორედ ის იყო ინიციატორი ამ უნივერსიტეტის დაარსებისა და გადამწყვეტი როლი შეასრულა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებაში.
1994 წელს პროფესორი მამუკა თავხელიძე აირჩიეს საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუტების აკრედიტაცია-სერთიფიცირების სახელმწიფო საბჭოს წევრად. ამჟამად, იგი, საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ფედერაციის პრეზიდენტია.
1998 წელს განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბატონი მამუკა თავხელიძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
2000 წელს პიერ ფოჩარდის საერთაშორისო სტომატოლოგიურმა აკადემიამ პროფესორი მამუკა თავხელიძე ამ ორგანიზაციის საპატიო წევრად აირჩია.
2003 წელს ბატონი მამუკა თავხელიძე არჩეულ იქნა ოქსფორდის მრგვალი მაგიდის მრჩეველთა საბჭოს წევრად და ექსპერტად.
ბატონ მამუკა თავხელიძეს ჰყავს ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი. მისი ჰობია მუსიკა, პოეზია, ცურვა.